მიხეილ სააკაშვილი

"ძალიან ცოტა დრო გვაქვს" – მიხეილ სააკაშვილის ოჯახი უწყვეტ აქციებს აანონსებს

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ამ საკითხზე საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა სურთ. 

როგორც დავით სააკაშვილმა თქვა, ხვალიდან, 3 მაისიდან აქტიური შეხვედრები დაიწყება ექიმებთან და არასამთავრობო სექტორთან. სააკაშვილის ოჯახმა უწყვეტი აქციები დააანონსა. 

"გეგმა არის ასეთი: დრო ნამდვილად არ გვაქვს, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ექიმებთან კიდევ ერთხელ, უნდა დავიწყოთ საუბარი საპატრიარქოსთან, გვაქვს სიგნალები, რომ შეიძლება პატივი დაგვდოს უწმინდესმა და გამოგვიყოს დრო, რათა მას ავუხსნათ ჩვენი მიშას, ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის მდგომარეობა. იქნებ მისმა ავტორიტეტმა მოახდინოს რამე გავლენა.  გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. უფრო მეტიც, ჩვენ ვაანონსებთ უწყვეთ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ".- ამბობს დავით სააკაშვილი. 

მისივე თქმით, აქციები რეგიონებშიც გაიმართება, ხოლო კონკრეტული გეგმები და თარიღები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. 

გიორგი სააკაშვილის თქმით, საუბარი არა მის შეწყალებაზე, არამედ სასჯელის გადავადებასა და საზღვარგარეთ მის გაშვებაზეა. 

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულეს. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

კომენტარები