რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

შოლცმა პუტინს უკრაინაში შეჭრის შეწყვეტისა და ქვეყნიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა

Soeren Stache/AFP/Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, რომ დაასრულოს რუსეთის უკრაინაში შეჭრა და უაზრო მკვლელობები. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში, ინდოეთის პრემიერმინისტრთან, ნარენდრა მოდისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია, ერთად მივაღწიოთ უკეთეს მომავალს, არა ერთმანეთის წინააღმდეგ ომების წარმოებით, არამედ ეკონომიკური და ერთობლივი განვითარების შესაძლებლობით". - თქვა შოლცმა.

აგრეთვე, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ საკუთარი ჯარი უკრაინიდან გაიყვანოს და აღნიშნა, რომ საზღვრები ძალადობის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები