რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენპროკურორი: ბუჩის მკვლელობებში პირველი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია

ეჭვმიტანილი სერგეი კოლოცეი

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში პირველი ეჭვმიტანილის ვინაობა. ამის შესახებ ვენედიქტოვა საკუთარ Facebook-ზე წერს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, ეჭვმიტანილი რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის მეთაური, სერგეი კოლოცეია.

"ბუჩის პროკურატურამ და პოლიციელებმა დაადგინეს, რომ ბუჩაში, 18 მარტს სწორედ ამ სამხედრო მოსამსახურემ მოკლა ოთხი შეუიარაღებელი მამაკაცი". – წერს ვენედიქტოვა.

ამას გარდა, პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 29 მარტს აწამებდა მოქალაქეს, რათა მას ეღიარებინა რუსეთის არმიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში მონაწილეობა. როგორც გენერალური პროკურორის ინფორმაციაშია ნათქვამი, კოლოცეი მოქალაქეს სარდაბში სცემდა ხელებით, კონდახითა და დანის ტარით; ჩაჰყავდათ ადგილზე, სადაც ხალხს ხოცავდნენ, ყურთან მიჰქონდათ იარაღი და ისროდნენ.

ვენედიქტოვამ ასევე აღნიშნა, რომ მსხვერპლის დაშინებისთვის, მას აიძულებდნენ დაეყნოსა ადამიანის ცხედრები.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები