რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუნდესტაგი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მომავალს მხარს უჭერს

გერმანიის პარლამენტი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მომავალს მხარს უჭერს. ამის შესახებ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც ბუნდესტაგმა მიიღო. ინფორმაციას გერმანიის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე. 2022 წლის 28 აპრილს გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია: დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება. მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს". - ვკითხულობთ გერმანიის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და მოიცავს 2 300-მდე კითხვას აერთიანებს.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

საქართველოსა და მოლდოვას თვითშეფასების კითხვარი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.

კომენტარები