რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთი რუსული ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ეწინააღმდეგება

ბუდაპეშტი ევროკავშირის ემბარგოს რუსეთის იმპორტულ ნავთობსა და გაზზე კვლავ ეწინააღმდეგება.

"უნგრეთის პოზიცია ნავთობისა და გაზის ემბარგოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა: ჩვენ მას მხარს არ ვუჭერთ". - აღნიშნა მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა.

ევროკავშირის კომისია სანქციების მეექვსე რაუნდში მოსკოვის წინააღმდეგ რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულ ემბარგოს განიხილავს. ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ამ კვირაში მიმდინარე მოლაპარაკებებით იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის გაზისა და ნავთობის მიმართ ერთიან პოზიციას შეინარჩუნებენ. თუმცა, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰეკმა აღიარა, რომ 27 ქვეყანას შორის არ არსებობს ერთსულოვანი პოზიცია რუსული ენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

23 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, "რომ არამეგობრულ ქვეყნებში" გაზი რუბლებში გაიყიდება.

ევროკავშირი სანქციათა მეექვსე პაკეტს კვირის ბოლოს წარადგენს. გუშინ, პირველ მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია სრულ ემბარგოს მხარს დაუჭერს. დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ "ევროპელებმა თანდათან უარი ვთქვათ რუსულ ნავთობზე და ეს ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტშიც აისახოს".

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

ევროკავშირმა რუსეთის რვა ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშა. SWIFT საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების მსოფლიოში უდიდესი საკომუნიკაციო სისტემაა. ამ ქსელიდან რუსეთის გათიშვა უდიდეს ზიანს მიაყენებს მის ეკონომიკას. ეს ნაბიჯი რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს ეკონომიკური ოპერაციების ჩატარების უნარს უზღუდავს. კერძოდ, ისინი ვერ შეძლებენ როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის გადახდას, ისე ექსპორტირებული პროდუქტისთვის საფასურის მიღებას.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტია. ეს ზომები იმ მილიარდობით დოლარის პარალიზებას გამოიწვევს, რომელიც რუსეთს უცხოეთში რეზერვის სახით აქვს და, პოტენციურად, პუტინის რეჟიმს დაფინანსების წყაროს გადაუკეტავს. ამის შედეგად მას ომის წარმოებისთვის გაცილებით ნაკლები ფული ექნება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები