რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსები სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებას და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდნენ – უკრაინა

RIA

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსები სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდებასა და უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავდნენ.  

"ჩვენმა სამსახურმა ჩაატარა მრავალსაფეხურიანი სპეცოპერაცია და გაანეიტრალა მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აგენტები ტერაქტს ამზადებდნენ: ისინი რუსეთის ან ბელარუსიის ტერიტორიაზე გეგმავდნენ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას. ოკუპანტები აპირაბდნენ, რომ უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინათ უკრაინა და ჩვენი პარტნიორები თვითმფრინავზე თავდასხმაში". - წერს უწყება. 

პროვოკაციის ჩასადენად თავდამსხმელებს გასროლა სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემიდან, MANPADS-იდან სურდათ.

"უცხოური MANPADS-ის მოპარვისა და საზღვარგარეთ გადატანის მიზნით, ოკუპანტების სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა შესაბამისი დავალება თავიანთ სადაზვერვო ჯგუფს მისცა".- წერია განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის ყველა წევრი. მიმდინარეობს გამოძიება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები