უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ნავთობის მარაგებს მალე შეავსებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ნავთობის საწყობი მიზანმიმართულად გაანადგურეს.
გასულ კვირაში, რუსეთმა უკრაინის საწვავის მთავარ მწარმოებელ, კრემენჩუკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და დამატებით რამდენიმე სხვა დიდ საცავზე იერიში მიიტანა.
"ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონში ბენზინგასამართ სადგურებზე მანქანების რიგები და გაზრდილი ფასები შეინიშნება. ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ საწვავის წარმოების, მიწოდებისა და შენახვისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას.
რუსეთმა ასევე დაბლოკა ჩვენი პორტები, ამიტომ მარაგების შესავსებად დაუყოვნებელი გადაწყვეტილებები არ არსებობს". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში საწვავის მიწოდების სისტემა მომავალი ორი კვირის ვადაში კვლავ გაიმართება.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ თქვა, რომ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში საწვავის მარაგები შეივსება, რადგან უკრაინამ ევროპელ მიმწოდებლებთან კონტრაქტები უკვე გააფორმა.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ





