უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი The Time-სთან ინტერვიუში ომით გამოწვეული ცვლილებების შესახებ საუბრობს.
"დავბერდი", - ასე უპასუხა პრეზიდენტმა კითხვას, თუ როგორ შეიცვალა ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ის მორალურ სიმტკიცეს მაინც ინარჩუნებს.
"[დავბერდი] მენტალურად, მორალურად. ისე, მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მტკიცედ ვარ. თუმცა, დავბერდი იმ ცოდნისგან, რომელიც არასდროს არ მინდოდა, მიმეღო. ეს ცოდნა უკავშირდება დაღუპულთა რაოდენობასა და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ წამებებს. ასეთი ცოდნა... სიმართლე გითხრათ, არასდროს მინდოდა მსგავსი ცოდნის მიღება". - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
რუსეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





