ხანუმ ჯეირამოვას საქმე

ჯეირანოვას საქმე – დამცირებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 3 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინა. ნ.გ.-ს, ა.გ.-ს და გ.ა.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამცირებელი მოპყრობა. 8 წლის წინ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ნათესავებმა ღალატის ბრალდებით, სახლიდან გამოიყვანეს,სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ორი დღის შემდეგ, ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.-ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს. 

2014 წლის 16 სექტემბერს ბრალდებულებმა ხ.ჯ. ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს. სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ.

ბრალდებულებისა და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად, 2014 წლის 18 სექტემბერს ხ.ჯ.-მ თავი მოიკლა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები