ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ჩანაწერი

ჩანაწერი ადასტურებს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და პრემიერზე გავლენას – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები შემაშფოთებლად მიიჩნევენ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს. ორგანიზაციები გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ აუდიოჩანაწერის შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და საქართველოს მთავრობის მეთაურზე, ირაკლი ღარიბაშვილზე გავლენას.

"მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს და რუს ოლიგარქებს ერთმანეთისგან არ მიჯნავენ და მათი სანქცირება რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმად განიხილება, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია სანქცირებულ რუს ბიზნესმენთან, ბიზნესებთან და მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია.

ამის გათვალისწინებით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის გამართული საუბარი რიგითი ბიზნეს მოლაპარაკებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს". – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ:

  • საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურის ან/და სხვა თანამდებობის პირების მიერ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ან სანქცირებულ ოლიგარქებთან, მათ ბიზნესებთან ან წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისა და მათი შინაარსის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მათ შორის, გაკეთდეს სარწმუნო განმარტებები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებულ ოლიგარქ ევტუშენკოვის წარმომადგენელთან შეხვედრის შინაარსის შესახებ;
  • დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა, სანდო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ამ საკითხზე დამაჯერებელი განმარტებების წარმოდგენა არის ხელისუფლების ინტერესშივე, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველო არანაირი ფორმით არ მონაწილეობს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყოს მოკვლევა ჩანაწერში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება. მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობოს საზოგადოებას.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • ბანკები და საზოგადოება
  • მედიის განვითარების ფონდი
  • Europe for Georgia
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • ლიბერალური აკადემია თბილისი

25 აპრილს Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. 

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.

ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო. 

კომენტარები