ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ჩანაწერი

დროა: ივანიშვილის მეგობარი ევტუშენკოვი უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების მონაწილეა

დროა

პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის კავშირებზე ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, ევტუშენკოვი, რომელიც 25 აპრილს გავრცელებულ ჩანაწერში ივანიშვილთან საუბრობს, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების პირდაპირი მონაწილეა.

ხოშტარიამ ყურადღება გაამახვილა ვლადიმირ ევტუშენკოვის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულობის შესახებ. დროას ლიდერმა თქვა, რომ:

  • ვლადიმერ ევტუშენკოვი პუტინის აბსოლუტურად ყველა სამხედრო ოპერაციისა და დანაშაულების მონაწილეა – სირიაში, ყირიმში, დონბასში, ლუგანსკში და მაიდანის დროს. ის აფინანსებდა და სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებდა ყველა ამ სამხედრო ოპერაციას და იყო იანუკოვიჩის მეგობარი. მან იანუკოვიჩს გადასცა ბინა, დაასახლა და მისცა ფინანსური რესურსი რუსეთში კარგად მოსაწყობად.
  • მის მმართველობაშია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ასეულში შემავალი სამხედრო კავშირგაბმულობისა და აღჭურვილობების კომპანია (RTI).
  • ევტუშენკოვი არის რუსეთის დღევანდელი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბიზნესპარტნიორი. იგი შოიგუს შვილის მეშვეობით, მართავს კომპანიას, რომელშიც 1,5 მილიარდ რუბლზე მეტი ჩადო, მოგვიანებით კი თავად გახდა ამ კომპანიის მმართველი (Sistema SmartTech).
  • ევტუშენკოვის კიდევ ერთი კომპანია, Kronshtadt აწარმოებს Orion-ის დრონებს, რომლებიც ახლა, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს გამოიყენება ხალხის დასახოცად. დასავლურ მედიაში მოიპოვება ფოტო, რომელზეც ევტუშენკოვი და შოიგუ ერთად ათვალიერებენ ახალ, მოდერნიზებულ სამხედრო დრონებს. 

"ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელიც, აწ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი, ძალიან ახლო პარტნიორი და მასთან საერთო საქმეში მყოფია, არის სამხედრო კრიმინალი, დასავლეთის მიერ სანქცირებული და უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მონაწილე. ეს პასუხისმგებლობას აკისრებს ბიძინა ივანიშვილს და წარმოადგენს მისი სანქცირების კიდევ ერთ საფუძველს". – თქვა ხოშტარიამ.

25 აპრილს Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. 

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.

ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო. 

კომენტარები