ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ჩანაწერი

პრაისი: სანქციებისგან თავის არიდებას მთელ მსოფლიოში დიდი ყურადღებით ვაკვირდებით

Carolyn Kaster / AP

"სანქციებისგან თავის არიდებას ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მთელ მსოფლიოში, იქნება ეს რუსეთში, ბელარუსში თუ სხვაგან" – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მთავარი არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერს შეეხებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ის ვერ ისაუბრებდა და დაადასტურებდა ჩანაწერის ავთენტურობას თუმცა, მისი თქმით, აშშ აკვირდება იმ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, ვინც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის პროცესშია ჩართული.

"არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვისაუბრო გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე ან დავადასტურო მათი ავთენტურობა, მაგრამ შემიძლია გამოვყო რამდენიმე საკითხი. ჩვენ არა მხოლოდ ავამოქმედეთ სანქციები და სხვა ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან კრემლის გადაწყვეტილებაზე უკრაინაში შეჭრის შესახებ, არამედ გასულ კვირას ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ვრცელი პაკეტი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობაზე.

სანქციებისგან თავის არიდებას ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მთელ მსოფლიოში, იქნება ეს რუსეთში, ბელარუსში თუ სხვაგან. ვფიქრობ, გასულ კვირას ჩვენმა ქმედებებმა დაადასტურეს, რომ ჩვენ ვიპოვით იმ ქსელებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომლებიც მიზანმიმართულად და სისტემატურად არიდებენ თავს ან ეხმარებიან სხვებს სანქციებისგან თავის არიდებაში. რა თქმა უნდა, მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ წინასწარ განვიხილო სანქციების დაწესება ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებზე, მაგრამ ჩვენ ამას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით". – თქვა პრაისმა.

25 აპრილს Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც, შესაძლოა, ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. 

გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ". ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, რომ ბოლოს და ბოლოს შეუძლია შეხვდეს თუ არა, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.

ვლადიმირ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. თუმცა, ევტუშენკოვი აღნიშნავს, რომ უზდენოვის ვიზიტის მიზანი დასვენება იყო. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უარყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უზდენოვის შეხვედრა. მისი თქმით, იგი ბიზნესწრეებთან გადაამისამართეს.

კომენტარები