რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ბლინკენი: უკანასკნელ წლებში რუსეთი თავს დაესხა ქვეყნებს, რომლებიც არ იყვნენ NATO-ს წევრები

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რესპუბლიკელი სენატორის, რენდ პოლის განცხადებაზე, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას "არანაირი გამართლება არ აქვს", თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "შეჭრას არანაირი ახსნა არ გააჩნია" და ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აგიტაციას ეწეოდა, ბლინკენმა ასე უპასუხა:

"აშშ იცავდა ალიანსის ღია კარის პოლიტიკასა და ძირითად პრინციპს – არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება უკარნახოს მეორე თუ ვისთან შევიდეს ალიანსში"

ამის შემდეგ, პოლმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა იმ დროს, როდესაც რუსეთი მათ ტერიტორიაზე შეიჭრა, NATO-ს წევრი იქნებოდა, ახლა იქ ამერიკელი ჯარისკაცები იომებდნენ. ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ NATO-ს წევრობა ქვეყნებს რუსული აგრესიისგან იცავდა.

"თუ შეხედავთ ქვეყნებს, რომელსაც უკანასკნელ წლებში რუსეთი თავს დაესხა, ეს ქვეყნები NATO-ს წევრები არ იყვნენ. რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს თავს არ დასხმია". - თქვა ბლინკენმა

"ამავდროულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც თავს დაესხნენ, რუსეთის ნაწილნი იყვნენ.. საბჭოთა კავშირის ნაწილი". - უპასუხა პოლმა.

"ეს არ აძლევს უფლებას რუსეთს, რომ მათ თავს დაესხას". - თქვა ბლინკენმა.

ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა არასდროს იყო უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერესპექტივასთან კავშირში, არამედ ამის მიზეზი იყო პუტინის რწმენა, რომ უკრაინა არ იმსახურებს იყოს სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა.

კომენტარები