რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი მათ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში კიევის სამთავრობო ცენტრებზე შეტევით იმუქრება

RIA

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მდივნის მოადგილის, ჯეიმს ჰიპის განცხადებას რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის სამხედრო დარტყმების ლეგიტიმურობის შესახებ პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს დაბომბავს, ისინი კიევში მდებარე "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს" შეუტევენ.

"ლონდონის მხრიდან კიევის რეჟიმის პირდაპირი პროვოცირება მსგავსი ქმედებებისკენ, მათი განხორციელების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიწვევს პროპორციულ პასუხს. რუსეთის შეიარაღებული ძალები საათობრივ მზადყოფნაში არიან შორ მანძილზე მაღალი სიზუსტის იარაღით საპასუხო იერიშისთვის კიევში იმ ცენტრებზე, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღება". – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რომ "უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე მრჩევლების ყოფნა სულაც არ შექმნის პრობლემას, როდესაც რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას საპასუხო ქმედებებზე".

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მდივნის მოადგილის, ჯეიმს ჰიპის თქმით, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს განახორციელებს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება. ჰიპი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთისთვის "აუცილებლად პრობლემური არ იქნება", თუ უკრაინა ამისთვის მათ მიერ მიწოდებულ იარაღს გამოიყენებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები