რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – დაღუპულია 3 ადამიანი, დაჭრილია 7

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქი დაბომბეს. მათი იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. 2 დაშავებული პირის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.

"ოკუპანტები ხარკოვში კვლავ ბომბავენ მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ პუნქტებს. ექიმების გუნდი დაშავებულთა დასახმარებლად ინტენსიურად მუშაობს. მაცხოვრებლებს ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ და თუ შესაძლებელია, თავშესაფრები არ დატოვონ". - წერს სინეგუბოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

 

კომენტარები