რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: ჩვენი შეფასებით, უკრაინაში 15 000 რუსი სამხედრო მოკვდა

ბენ უოლასი
BBC

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, უკრაინაში ომის განმავლობაში დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო მოკვდა. 

"ჩვენი შეფასებით, მოკლული იქნა, დაახლოებით, 15 000 რუსი სამხედრო მათი თავდასხმის განმავლობაში". – თქვა უოლასმა წარმომადგენელთა პალატის წინ. 

ასევე, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, განადგურებულია ან უკრაინელების ხელში ჩავარდნილია რუსების ჯავშანტექნიკის 2 000 ერთეული. ეს რიცხვი მოიცავს, მინიმუმ, 530 ტანკს, 530 ჯავშანტრანსპორტიორს და 560 ქვეითთა საბრძოლო მანქანას. ამას გარდა, უოლასმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა 60 ვერტმფრენი და ავიაგამანადგურებელი. 

ბენ უოლასმა დაამატა, რომ უკრაინაში გაგზავნილი რუსული ძალების 25% ბრძოლის უუნაროდ გადაიქცა.

რუსეთს ამ ეტაპზე მხოლოდ 1 351 სამხედროს სიკვდილი აქვს აღიარებული, უკრაინული მხარის ინფორმაციით კი მოკლულია 22 000-მდე ოკუპანტი.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გაიმეორა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მთავარ სამხედრო მიზნებს.

უოლასის თქმით, რუსეთის მიზანი ახლა დონბასის ოკუპაციის გაგრძელება და ყირიმის რუსეთთან ხმელეთით დაკავშირება არის, რისთვისაც მათ ქალაქი მარიუპოლი სჭირდებათ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები