რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.

"ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია დონეცკსა და ლუგანსკში სპეციალური სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე წევრის თავისუფლების აღკვეთით. ეუთო იყენებს ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, რათა უზრუნველყოს პერსონალის გათავისუფლება". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელ თანამშრომელთა დივიზიაა, რომელსაც კონფლიქტის ზონების დაკვირვება და აღწერა ევალება. მისია აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები