რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონეცკში ოკუპანტები შეტევით ოპერაციებს ფრონტის მთელ ხაზზე ახორციელებენ – უკრაინა

REUTERS

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები დონეცკში შეტევას ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ახორციელებენ. 

"მტერი შეტევით ოპერაციებს დონეცკის ოლქის ფრონტის მთელ ხაზზე ახორციელებს, ძირითად ძალისხმევას სევეროდონეცკის მიმართულებით შეტევაზე მიმართავს, ინტენსიურად ესვრის ჩვენს ძალებს, რათა განდევნოს ისინი და შექმნას პირობები სლავიანსკზე შეტევისთვის. გრძელდება შეტევა ნოვოტოშკოვსკის მიმართულებით და თავდასხმის ოპერაციები რუბეჟნოეს, პოპასნაიასა და მარინკას ტერიტორიებზე". - წერია განცხადებაში. 

გენშტაბის ცნობით, მარიუპოლის მიმართულებით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ აზოვსტალის ქარხნის ბლოკირებას და ქალაქს ბომბავს, მათ შორის, შორ მანძილზე მყოფი თვითმფრინავების გამოყენებით.  

განცხადების მიხედვით, ოკუპანტები ხერსონის ოლქში პოზიციების დაკავებას ცდილობენ, თუმცა ტექნიკურ დანაკარგს განიცდიან. 

ბოლო 24 საათში, მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 8 შეტევა მოიგერიეს - გაანადგურეს 9 ტანკი, 18 ერთეული ჯავშანტექნიკა და 13 საავტომობილო ტექნიკა, ასევე, 3 საარტილერიო სისტემა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები