უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მხრიდან გავრცელებული განცხადებები ადასტურებს, რომ "რუსეთი უკრაინაში შეჭრას მხოლოდ დასაწყისად ხედავს, მერე სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდა".
"დღეს რუს სამხედროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ახალი ამოცანაა, დაამყაროს კონტროლი უკრაინის სამხრეთ ტერიტორიაზე და მივიდეს მოლდოვას საზღვრამდე. თითქოს იქ, მოლდოვაში, რუსულენოვანი ადამიანების უფლებები ირღვევა. [...] ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რაც ბევრჯერ მითქვამს: რუსეთი უკრაინაში შეჭრას მხოლოდ დასაწყისად ხედავს, მერე სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდა." - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები დაიცავენ თავს და შეაკავებენ რუსეთის ამ ამბიციას. ასევე, მან აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო უნდა დაეხმაროს უკრაინას, რადგან უკრაინა პირველია რუსეთის გზაზე, მერე კი - სხვა სახელმწიფოების რიგი დადგება.
"და ვინ არის შემდეგი? თუ ვინმეს, ვინც შეიძლება გახდეს შემდეგი, სურს დარჩეს ნეიტრალური დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია. იმიტომ, რომ ყველაფერს დაკარგავს" - თქვა მან.
მანამდე, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნებიდან ერთ-ერთად აღმოსავლეთსა და სამხრეთზე სრული კონტროლის დამყარება დაასახელა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთის კონტროლი რუსეთს საშუალებას მისცემს, შევიდეს ოკუპირებულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სადაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





