რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შარლ მიშელმა პუტინს მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდა

Frederick Florin/AFP/Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი განიხილა. დიალოგი დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდა.

"მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან უსაფრთხო გასასვლელების უზრუნველყოფისკენ მტკიცედ მოვუწოდე, განსაკუთრებით მართლმადიდებლური დღესასწაულის, აღდგომის წინ". - წერს შარლ მიშელი twitter-ზე.

ამასთან ერთად, 20 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები მშვიდობიან მოქალაქეებს მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის დატოვების უფლებას მისცემენ, თუ უკრაინელი ჯარისკაცები ჩაბარდებიან.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები