საქართველოს პარლამენტი

გოცირიძე: ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა გულუბრყვილობაა, ესაა ზარმაცების თავშესაფარი

ბოიკოტით ყველა პრობლემის გადაჭრა არის გულუბრყვილობა. ბოიკოტით რომ პრობლემები იჭრებოდეს, სამჯერ ვიყავით ბოიკოტში, წავალთ მეოთხე წრეზე და რა მოხდება? რა დაჩქარდება ამით? რიგგარეშე არჩევნებს დავაჩქარებთ? ილუზიაა ეს. პარლამენტი უნდა იყოს გამოყენებული ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხერხად, რომელმაც უნდა შეავსოს დანარჩენი სხვა მეთოდები: ქუჩის, დიდი საპროტესტო აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

ბოიკოტი ესაა ზარმაცების თავშესაფარი. ბოიკოტი ნიშნავს, მოხვიდე, ხელფასი აიღო და არ იმუშაო. არაა ეს სწორი. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ეს სხვა საკითხია, განსხვავებული პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, ეს არ არის ბოიკოტი. ამას უნდა სერიოზული აწონ-დაწონა. ამაში, მეც მივიღებ მონაწილეობას და მერე რა თქმა უნდა, გეტყვით ჩემს აზრს, მაგრამ ბოიკოტი თვითდაზიანებაა. ამას ვამბობ მე, ჩემი 30-წლიანი გამოცდილებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, რომელიც, თავის მხრივ, გამოეხმაურა ენმ-ს წევრ, ნუგზარ წიკლაურის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნაციონალურმა მოძრაობამ, შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს პარლამენტს.

კომენტარები