რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: ტყვეების გაცვლისას 19 ადამიანი დავიბრუნეთ, მათ შორის დაჭრილებიც არიან

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები მეექვსედ გაცვალეს. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ 19 ადამიანი დაიბრუნა. აქედან, 10 სამხედრო მოსამსახურეა (მათ შორის ორი ოფიცერი), ხოლო დანარჩენი ცხრა - მშვიდობიანი მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებულ ტყვეებს შორის დაჭრილებიც არიან.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ახლა შეეძლებათ სრულფასოვანი მკურნალობა და სარეაბილიტაციო კურსის გავლა. მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის მუდმივი პირადი ჩართულობისთვის პატიმრების გაცვლის პროცესში" - თქვა ვერეშჩუკმა.

პირველად უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 24 მარტს გაცვალეს. მაშინ რუსებმა 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს 10 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, იმავე დღეს, ოდესასთან ჩაძირული გემიდან გამოყვანილი 11 რუსი მშვიდობიანი მეზღვაური რუსეთში გადაიყვანეს. მათ სანაცვლოდ, ოკუპანტებმა გაათავისუფლეს სამოქალაქო გემის, სატფირის 19 მეზღვაური.

პირველ აპრილს 86 რუსის სანაცვლოდ სამშობლოში 86 უკრაინელი დაბრუნდა. 9 აპრილს ტყვეების გაცვლის შედეგად, უკრაინის 26 მოქალაქე, მათ შორის, 10 ქალი გაათავისუფლეს. 14 აპრილს უკრაინამ 22 უკრაინელი სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა, ხოლო 19 აპრილს - 60 სამხედრო და 16 მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები