რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვერეშჩუკი: ტყვეები გავცვალეთ, 60 სამხედრო და 16 მშვიდობიანი მოქალაქე დავიბრუნეთ

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები მეხუთედ გაცვალეს. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ 76 ადამიანი დაიბრუნა. აქედან 60 სამხედროა (მათგან 10 ოფიცერი) და 16 მშვიდობიანი მოქალაქე.

პირველად უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები 24 მარტს გაცვალეს. მაშინ რუსებმა 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს 10 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. გარდა ამისა, იმავე დღეს, ოდესასთან ჩაძირული გემიდან გამოყვანილი 11 რუსი მშვიდობიანი მეზღვაური რუსეთში გადაიყვანეს. მათ სანაცვლოდ, ოკუპანტებმა გაათავისუფლეს სამოქალაქო გემის, სატფირის 19 მეზღვაური.

პირველ აპრილს 86 რუსის სანაცვლოდ სამშობლოში 86 უკრაინელი დაბრუნდა. 9 აპრილს ტყვეები გაცვლის შედეგად, უკრაინის 26 მოქალაქე, მათ შორის, 10 ქალი გაათავისუფლეს. ხოლო 14 აპრილს უკრაინამ 22 უკრაინელი სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები