დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორიდან თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა პალესტინურ ანკლავზე იერიშები მიიტანა

2022 წლის 21 აპრილი, ისრაელის იერიში ღაზის სექტორში
The Times of Israel

გასული წლის შეტაკებების შემდეგ, ისრაელმა ღაზის სექტორში ყველაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მათ იერიში მიიტანეს ღაზის სექტორის მმართველი დაჯგუფების, ჰამასის სამხედრო პოსტზე, გვირაბების სისტემაზე, რაკეტების მიწისქვეშა საწარმოსა და საჰაერო თავდაცვის ძალების განთავსების ობიექტზე. 

იერიში ღაზის სექტორიდან თავდასხმას მოჰყვა. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უვნებელყვეს პალესტინური ანკლავიდან ნასროლი 4 რაკეტა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ თავდაცვის სისტემები არასწორად, ცეცხლსასროლი იარაღის სროლის პასუხად გააქტიურდა და ისრაელის მიმართულებით მხოლოდ 1 რაკეტა იყო ნასროლი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ პალესტინურ დაჯგუფებას არ აუღია.

"ისრაელი მზადაა ნებისმიერი საჭირო ქმედებისთვის, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება". – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა.

მხარეებმა ცეცხლი 19 აპრილსაც გაცვალეს.

პარალელურად, სხვადასხვა რელიგიების დღესასწაულების დამთხვევის გამო, ალ-აკსას მეჩეთისა და ტაძრის მთის გარშემო სიტუაცია დაძაბული რჩება.

გასულ წელს, ალ-აკსას მეჩეთის გარშემო არსებულ დაძაბულობას ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის 11-დღიანი კონფლიქტი მოჰყვა, რომლის განმავლობაშიც ისრაელის მიმართულებით პალესტინურმა დაჯგუფებებმა 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ანკლავში საპასუხო იერიშები მიჰქონდათ.

კომენტარები