რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოროდიანკაში საერთო საფლავებში კიდევ 9 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

კიევის ოლქის პოლიცია

კიევის ოლქის პოლიციამ სოფელ ბოროდიანკაში კიდევ 2 საერთო საფლავი იპოვა - საფლავიდან 9 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. 

ერთ საფლავში პოლიციამ 2 კაცისა და 15 წლის გოგოს ცხედარი იპოვა, მეორეში კი 4 კაცისა და 2 ქალის. დაღუპულთაგან ორის ვინაობა უცნობია. 

"ეს ადამიანები ოკუპანტებმა დახოცეს, ზოგიერთ მსხვერპლს წამების ნიშნები ეტყობა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. რუსმა სამხედროებმა განზრახ დახვრიტეს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევდნენ და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ". - თქვა ანდრი ნებიტოვმა, კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა.  

ცხედარი ექსპერტიზისთვის კიევის ოლქის მორგებში გადაასვენეს. იდენტიფიცირებულ ცხედრებს დასაკრძალად ახლობლებს გადასცემენ. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები