რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მკვლელობა, გაუპატიურება, ძარცვა – ოკუპანტების ჩადენილი ომის დანაშაულები სოფელ ბოგდანოვკაში

ბოგდანოვკის საშუალო სკოლა
Meduza

მარტის დასაწყისში რუსეთის ჯარის მსხვილი სატანკო კოლონა კიევის მიმართულებით დაიძრა. შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა - უკრაინელმა სამხედროებმა სატანკო კოლონა შეაჩერეს. გადარჩენილმა რუსულმა ნაწილებმა უკან დაიხიეს და დნეპრისპირეთის სოფლებს შეაფარეს თავი. 

8 მარტს რუსები რამდენიმე სოფელში, მათ შორის, ბოგდანოვკაში გამაგრდნენ. 30 მარტს უკრაინელებმა სოფელი გაათავისუფლეს. სოფელში შესულ სამხედროებს საშინელი სურათი დახვდათ - გაძარცვული სახლები, მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები, გაუპატიურებული ქალები. 

გამოცემა Meduza-ს ჟურნალისტები ბოგდანოვკაში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. თითქმის ერთთვიანი ოკუპაციის პერიოდში რუსმა სამხედროებმა სოფელში ომის არაერთი დანაშაული ჩაიდინეს.

ტანკის ნაკვალევი ეზოში

8 მარტი, ოკუპაციის დასაწყისი

 

პირველი რუსული კოლონა ბოგდანოვკაში 8 მარტს, შუადღეს გამოჩნდა. ოკუპანტების შემოსვლას გარე კამერების ჩანაწერებიც ადასტურებს. 

37 წლის კრისტინა (სახელი შეცვლილია გმირის თხოვნით) დედ-მამასთან და ძმის ცოლთან ერთად ბოგდანოვკის ცენტრიდან აღმოსავლეთით ცხოვრობს. 

"8 მარტს დიდი ბრძოლა დაიწყო, ვხედავდით ტანკებს. ჩვენი მეზობლების ნაწილი გაიქცა". - ამბობს კრისტინა, რომელიც მშვიდობიან დროს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ უკრაინულ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა.

ვიქტორია (სახელი შეცვლილია გმირის თხოვნით) კრისტინას მეზობელ სახლში ცხოვრობს, ის სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას ბინოკლით ადევნებდა თვალს.

"ჩვენს სახლთან ახლოს ჩაიარა ტანკმა წარწერით O, შემდეგ მეზობლის ეზოში შეიჭრა, ცოტა ხანს გაჩერდა და გაურკვეველი მიმართულებით გააგრძელა გზა". - იხსენებს ვიქტორია, რომელიც ქმართან ერთად კიევიდან გამოიქცა, მათი აზრით, ომის დროს პროვინციაში ყოფნა უფრო უსაფრთხო იქნებოდა.

34 წლის ევგენია (სახელი შეცვლილია გმირის თხოვნით) ბოგდანოვკის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს.

"გზაზე ბოლი დავინახეთ. ჭიშკარზე თეთრი ზეწარი გადავფინე, რათა სამხედროები მიმხვდარიყვნენ, რომ სახლში მშვიდობიანი მოსახლეობაა". - ამბობს ევგენია.

9 მარტი, პირველი ორი მკვლელობა და გაუპატიურება

 

9 მარტს რუსი სამხედროების ჯგუფმა, მინიმუმ, ორი ადამიანი მოკლა და ერთი ქალი გააუპატიურა. დანაშაულს ზალესკაიას ქუჩაზე მცხოვრები არაერთი მოწმე ადასტურებს. მათი თქმით, სოფელში ერთი და იმავე ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი მოქმედებდა.

"გამთენიისას დაიწყო ე.წ. “შემოვლა”. ცალ ხელში ავტომატი, მეორეში არყის ბოთლი. გაისროდნენ, ერთ ყლუპს მოსვამდნენ და გზას აგრძელებდნენ, ზოგ მათგანს უკვე მშვიდობიანებისგან წართმეული ფერადი წინდები ეცვა". - იხსენებს ზალესკაიას ქუჩის მაცხოვრებელი ოლეგი.

ჯარისკაცები მოპარულ ნადავლს ახვავებდნენ კვადროციკლებზე, რომლებიც ასევე მოპარული იყო. თითოეულ სახლთან ტანკით ჩერდებოდნენ, ლულას უმიზნებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შედიოდნენ შენობაში. 

კრისტინა

"მეზობლის სახლიდან ვიღაცამ რუს სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა, მგონი, ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. ჩემთან ათამდე კაცი შემოვარდა. ბრაზმა მალე გადაუარათ, ლუდს სვამდნენ და ზრდილობიანად გველაპარაკებოდნენ. მათი მეთაური მიხაილ რომანოვად გამეცნო. ძალიან კონტაქტური იყო, “მეჩალიჩებოდა”, სულ ამბობდა, “ოჰ, რომ არა ეს ომი”, მთხოვა, სოციალურ ქსელში მეპოვა და დამემატებინა (მოგვიანებით მისი ამოცნობა სწორედ სოციალური ქსელის დახმარებით მოხდა). კიდევ ერთის სახელი დავიმახსოვრე - ვიტალიკი, სახლში შემოსასვლელად შუშა ჩაამტვრია და ხელი გაიჭრა, ძალიან ბევრი ბოდიში მომიხადა, ამბობდა, რომ აქ ყოფნა არ უნდა, იმიტომ, რომ ახალდაქორწინებულია და ცოლი ენატრება. მე და ჩემი ძმის ცოლს მეგობრულად გვეჭირა თავი, სადღაც, ერთი საათი გაჩერდნენ და წავიდნენ.

საღამოს მხოლოდ რომანოვი და ვიტალიკი მობრუნდნენ. ძალიან მთვრალები იყვნენ, ღრიალი მორთეს. მათთან ერთად წამოსვლას მთხოვდნენ, დედაჩემი მუხლებში ჩაუვარდა და შეევედრა, წასულიყვნენ. გარეთ გავედი, ვეცადე, რომანოვი დამემშვიდებინა, სიგარეტი მოვწიეთ, ისტერიკა დაეწყო: "ომში კანონები არ მოქმედებს! რასაც მინდა, იმას გიზამ და პასუხსაც არავინ მომთხოვს. თუ არ წამომყვები, გესვრი"! ამ სიტყვების გაგონებაზე სახლში შევბრუნდი, მან ჰაერში გაისროლა, სახლში შემოვარდა და ტირილი დაიწყო: "გგონია, მინდა ეს ყველაფერი? ავად ვარ, არ ვარ ნორმალური. აქ ყველას მოგვკლავენ, თვალებს დაგვთხრიან, ჩვენ მიგვატოვეს". საბედნიეროდ, ღვინო მოუნდათ და სახლიდან წავიდნენ, იმ ღამეს არ დაბრუნებულან". - ამბობს კრისტინა.

ვიქტორია

"21:30 საათზე ორი ჯარისკაცი ეზოში შემოვიდა, სახეზე შავი ნიღბები ეკეთათ. ცეცხლი გახსნეს, ვუყვირეთ, რომ სახლში ბავშვია. შენობაში მე, ჩემი ქმარი, ჩვენი ქალიშვილი და დედამთილი ვიყავით. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, გარეთ გამოგვიყვანეს, ეზოში თხრილი იყო,  2 მეტრი 2 მეტრზე სიგრძის, რომელშიც წყლის ტუმბოს ვინახავდით, ჩასვლა გვიბრძანეს, დედამთილს გადაადგილება უჭირდა და ვერ ჩამოვიდა, დანარჩენები თხრილში გამოგვკეტეს. ორ წუთში მობრუნდნენ, კარი გააღეს და ქმარს სიგარეტი სთხოვეს. "ოთხი დღეა, თავად არ მომიწევია" - უპასუხა ლიოშამ, პასუხად ჯარისკაცმა ესროლა, ტყვია ხელში მოხვდა, მეორე ჯარისკაცმა თავში გასროლით მოკლა. 10 წლის შვილს ჩააკვდა ხელში. თხრილიდან ღამე, სამი საათისკენ ამოვედით, დედამთილი სახლში დადიოდა, ტიროდა, ვერ იგებდა, სად იყო და რა მოხდა. ქალიშვილის ტანსაცმელი მამის სისხლით იყო გაჟღენთილი. სახლში იარაღი არ გვქონდა, ლიოშა სათევზაოდ სამხედრო შარვლით დადიოდა, ალბათ, ჯარისკაცი ეგონათ და ამიტომ მოკლეს". - იხსენებს ვიქტორია.

თხრილი, რომელშიც ვიქტორიას ქმარი მოკლეს

ევგენია 

"პირველად რომ მოვიდნენ, ძაღლი მოგვიკლეს, მეგონა, ამაზე უარესი არაფერი მოხდებოდა, სამწუხაროდ, ვცდებოდი. მანქანაში ხაკისფერი ქურთუკი დაინახეს და გაცოფდნენ, ავუხსენით, რომ ჩემი ქმარი სტრაიკბოლით იყო გატაცებული, თითქოს, დაგვიჯერეს. ღამე დაბრუნდნენ, ორნი იყვნენ, საკმაოდ მთვრალები(როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მათგანი მიხაილ რომანოვი იყო, რომელიც კრისტინამ ამოიცნო), ერთს შავი ნიღაბი ეკეთა. ქმარი შესახვედრად ეზოში გავიდა, მე 4 წლის შვილთან ერთად ბოილერის შენობაში ვიყავი, სროლის ხმა გავიგე. სახლში შემოსვლა მიბრძანეს, ქმარი მოვიკითხე, რაზეც რომანოვმა მიპასუხა: "აღარ გყავს ქმარი. ის ნაცისტი იყო და მოვკალი. ახლა თუ არ მოკეტავ, შენს პატარას აქ მოვიყვანთ და მის თვალწინ დაგასხმევინებთ ტვინს". იარაღი მომადეს, ჯერ მისაღებში, შემდეგ კიბეებზე მორიგეობით გამაუპატიურეს, თავიდან პისტოლეტი არ მოუშორებიათ. პერიოდულად მიდიოდნენ, შემდეგ ბრუნდებოდნენ და ყველაფერი ხელახლა იწყებოდა. ბოლოს დაიღალნენ, სავარძლებში ჩასხდნენ და ჩაეძინათ. მომენტით ვისარგებლე და შვილთან ერთად სახლიდან გავიქეცი, ეზოში ქმრის სხეული ესვენა, ხელზე შევეხე, ცივი იყო. მეზობელთან დავიმალეთ". - იხსენებს ევგენია.

10 მარტი, გაქცევა

 

მეზობელი, რომლის სახლსაც ევგენიამ მცირეწლოვან შვილთან ერთად თავი შეაფარა, კრისტინა აღმოჩნდა. კრისტინა მიხვდა, რომ უკან დაბრუნებული რომანოვი მთელ ქუჩას დააწიოკებდა. 

დილით კრისტინასთან კიდევ ერთი მეზობელი, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე მივიდა. 

"ორი დღე ვიმალებოდი, ვიცოდი, რომ რუსი ჯარისკაცები პოლიციის, სამაშველო სამსახურის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ნებისმიერ თანამშრომლებს ადგილზე ხვრეტდნენ. სახლის მეორე სართულიდან ვხედავდი, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქუჩაზე. დილას სამეზობლო შემოვიარე, ვიცოდი, რომ ჯარისკაცები მთელი ღამე უმოწყალოდ სვამდნენ და ახლა ყველას ეძინა". - ამბობს ალექსანდრე.

ალექსანდრემ და კრისტინამ სოფლიდან გაქცევის გეგმა შეიმუშავეს. თავდაპირველად, მათ ფეხით უნდოდათ წასვლა, მაგრამ რთულ გზაზე ბავშვებთან ერთად გადაადგილება გაუჭირდებოდათ. საბოლოოდ, კრისტინამ მანქანით გაიყვანა ევგენია, ვიქტორია და მათი შვილები, გზას კრისტინას ძმა რაციით კარნახობდა.

კიევში ჩასვლისთანავე ევგენიამ პოლიციას ჩვენება მისცა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რუსეთის სამხედრო ძალების მოსამსახურე, მიხაილ რომანოვი ამჟამად ძებნაშია.

გათავისუფლების შემდეგ ევგენია ბოგდანოვკაში დაბრუნდა. რუსმა სამხედროებმა მისი ქმრის ნეშტი ეზოში დამარხეს, ხოლო სახლი გადაწვეს. 

"რას სჩადიან? ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით, უამრავი გეგმა გვქონდა, ახლა კი ბავშვთან ერთად მარტო ვარ დარჩენილი და არ ვიცი, ცხოვრება როგორ გავაგრძელო". - ამბობს ევგენია.

ევგენიას დამწვარი სახლი და ლიოშას საფლავი

23 მარტი, მესამე მკვლელობა

 

კონსტანტინი

კიდევ ერთი მკვლელობა, რომლის შესახებაც ადგილობრივებმა ჟურნალისტებს უამბეს, 23 მარტს, კონსტანტინის(სახელი შეცვლილია გმირის თხოვნით) სახლში მოხდა. 

დასახლება, რომელშიც კონსტანტინი ცხოვრობდა, სოფლისგან მოშორებით იყო გაშენებული. სახლებს ხეების რიგი ეფარებოდა, როგორც ჩანს, რუსმა ჯარისკაცებმა მოფარებული დასახლება გვიან აღმოაჩინეს.

"23 მარტს, დაახლოებით, დილის 12 საათზე, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა, სახლში მე და ჩემი 67 წლის სიმამრი ვიყავით, ხმა არ ამოგვიღია. კარზე ბრახუნი არ შეწყდა, ბოლოს ჯარისკაცმა ფანჯარა ჩაამსხვრია და სახლში ხელყუმბარის შემოგდებით დამემუქრა. კარი გავაღე, ეროვნებით ბურიატი ჯარისკაცი იყო, ხელები ამაწევინა და იარაღი დამიმიზნა, სიმამრი უკანა კარიდან ეზოში გაიპარა. უეცრად, გვერდით ოთახში ტელეფონმა დარეკა, ჯარისკაცმა ხმის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, საძინებელში შევხტი, უკანა კარის ბადე ჩამოვხიე და ფეხშიშველი გავიქეცი. ამასობაში, სიმამრმა სახლს მოუარა, სროლა გავიგე და მივხვდი, რომ ის მოკლეს". - იხსენებს კონსტანტინი.

კონსტანტინი მეზობლის ფარდულში დაიმალა. დასახლებაში ცოტა ხანში ტანკი და სხვა სამხედროები გამოჩნდნენ. მისი სახლიდან ტექნიკა და ძვირფასი ნივთები გამოიტანეს. გვიან ღამე ფარდულის პატრონი გამოჩნდა და მეზობელს ტყეში გაქცევა შესთავაზა. კონსტანტინი სახლში დაბრუნდა, რათა საბუთები და ტანსაცმელი აეღო. სიმამრი არც დაუმარხავთ, მისი გვამი სახლის შემოსასვლელში ეგდო. კონსტანტინმა ოჯახის წევრს საბანი გადააფარა და სოფელი დატოვა.

გათავისუფლების შემდეგ დაბრუნებულმა კონსტანტინმა სიმამრი ბოგდანოვკის სასაფლაოზე დაკრძალა. 

კონსტანტინის სიმამრის საფლავი

28 მარტი, მეორე გაუპატიურება

 

სვეტლანა

55 წლის სვეტლანა პერმინოვა(სახელი არ არის შეცვლილი) ქმართან, ედუარდთან და ორსულ შვილთან ერთად ბოგდანოვკაში დედაქალაქიდან გამოიქცა. ოჯახს სოფელში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა. ისინი სარდაფში იმალებოდნენ.

20 მარტს პერმინოვას ორსულმა ქალიშვილმა ჰუმანიტარული დერეფნის წყალობით ბოგდანოვკა დატოვა. 24 მარტს ედუარდმა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წასვლა და დახმარების მოყვანა გადაწყვიტა. სვეტლანას ქმარი აღარ დაბრუნებულა.

"28 მარტს სახლს რუსი სამხედროების ჯგუფმა ჩაუარა. მანქანას დაადგეს თვალი, უკვე ხვდებოდნენ, რომ გაქცევა მოუწევდათ და ტრანსპორტს ეძებდნენ. არ გაუმართლათ, მანქანიდან აკუმულატორი ამოღებული იყო. სახლში შემოვიდნენ, ყველაფერი შეჭამეს, ძვირფასი ნივთები მოიპარეს. შემდეგ ერთ-ერთმა სარდაფს მიაგნო, იქ დიდი ლოგინი გვედგა ორსული შვილისთვის. მეგობრებს გადასძახა - "ნახეთ, რა მაგარი სა***აურო ადგილია". ორი მორიგეობით მაუპატიურებდა, მესამე ამ ყველაფერს უყურებდა და მასტურბირებდა. ყველაფერი ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, ვერ დავიმახსოვრე სახეები, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სლავური წარმოშობის იყვნენ. რომ წავიდნენ, თავის ჩამოხრჩობა გადავწყვიტე, მარყუჟიც კი მოვამზადე, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ბებია გავხდი და გადავიფიქრე. ისინი მხეცები, არაკაცები არიან, მე კი განადგურებული ვარ, იმდენი ძალაც არ შემრჩა ხელში, რომ შვილიშვილი ხელში ავიყვანო". - ამბობს სვეტლანა.

სვეტლანას ქმრის, ედუარდის გვამი ბოგდანოვკიდან 16 კილომეტრში, შევჩენკოვოში იპოვეს. ის ხუთ მშვიდობიან მოსახლესთან ერთად დახვრიტეს. 

 

სვეტლანას ქმარი, ედუარდი

30 მარტი, გათავისუფლება

 

29 მარტს რუსეთის სამხედრო ნაწილებმა ბოგდანოვკიდან გასვლა დაიწყეს. უკან დახევის ამბავს ადგილობრივი მაცხოვრებელი, დმიტრი იხსენებს:

"29-ში ჯავშანტრანსპორტიორები სოფლიდან გავიდა. პანიკაში იყვნენ, ნაძარცვს სწრაფად აგროვებდნენ და გარბოდნენ. გზაზე გავედი და მალევე ველოსიპედზე ამხედრებული რუსი ოფიცერი მომიახლოვდა, უკან სამი ჯარისკაცი მოსდევდა. მკითხეს, რომელ მხარეს იყო რუსეთის ფედერაცია, შემდეგ შევჩენკოვოს მიმართულებაც გამომკითხეს და იქით გაიქცნენ. ცოტა ხანში კიდევ ერთმა ოფიცერმა ჩამიარა, წინასგან განსხვავებით მოპარულ მოპედზე იჯდა". 

კიევის რეგიონი ოკუპანტებისგან საბოლოოდ 2 აპრილს გათავისუფლდა. Meduza-ს ჟურნალისტები სოფელში 10 აპრილს ჩავიდნენ.

ბოგდანოვკა ველკოდიმერსკის რაიონს ეკუთვნის, რაიონში 22 სოფელი და ერთი დაბაა. ერთ თვეზე ნაკლებ დროში რუსმა სამხედროებმა აქ 67 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. თითოეულ მკვლელობას ჰყავს ერთი ან მეტი მოწმე. გარდა ამისა, ათეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. 

წყარო: Meduza

კომენტარები