რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უშიშროება: ხარკოვში რუსების $200 მილიონის ღირებულების იარაღის საცავს მივაგენით

რუსი ოკუპანტების საცავიდან ამოღებული შეიარაღება

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ ხარკოვის ოლქში მიაგნეს რუსი ოკუპანტების იარაღის შენიღბულ საწყობს, სადაც $200 მილიონის ღრებულების საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკის დეტალები ინახებოდა.

ამოღებული შეიარაღება გამოსაყენებლად უკვე გადაეცა უკრაინის არმიას.

უკრაინის უშიშროებაში აცხადებენ, რომ რუს ოკუპანტებს საწყობში განთავსებული მასალა დაზიანებული ტექნიკის შესაკეთებლად სჭირდებოდათ. უშიშროების უწყების ცნობით, ამოღებულია ტანკის 60 ძრავა, დიდი რაოდენობით სათადარიგო ნაწილები, რომლებიც ჯავშანტექნიკისთვისაა განკუთვნილი და ჰაერი-ჰაერი ტიპის 26 რაკეტა. 

უკრაინის უშიშროებაში დაადგინეს, რომ აქ შენახული შეიარაღება მოპარული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მარაგებიდან და საწყობის მფლობელები რუსეთის საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას აპირებდნენ. უწყებაში ამბობენ, რომ დაადგინეს დანაშაულში ჩართული პირების ვინაობა და მათ დასასჯელად შესაბამის ნაბიჯებს იღებენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

კომენტარები