რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: გერმანიამ კიევს 12 რეანიმობილი და 8 სახანძრო-სამაშველო მანქანა გადასცა

ვიტალი კლიჩკო
Genya Savilov/AFP/Getty Images

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოკავშირეებს მიუნხენიდან და გერმანიის სხვა ქალაქებიდან მიღებული ტექნიკის გამო მადლობა გადაუხადა - ქალაქმა 12 რეანიმობილი, 8 სახანძრო-სამაშველო მანქანა და სხვა აღჭურვილობა მიიღო. ინფორმაცია კიევის მერმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

"მადლობა ჩვენს გერმანელ პარტნიორებსა და მეგობრებს კიევისა და უკრაინის დახმარებისთვის. დღეს მუნიციპალურ ასოციაციას უახლესი ტექნიკით აღჭურვილი 12 რეანიმობილი გადავეცით, რომელიც ჩემი თხოვნით დაძმობილებული ქალაქიდან, მიუნხენიდან მივიღეთ. 

ასევე, გერმანიის სხვა ქალაქებიდან კიევში 8 სახანძრო-სამაშველო მანქანა ჩავიდა. კერძოდ, სახანძრო კიბეებით აღჭურვილი მანქანები, ჰიდრავლიკური ხელსაწყოები, გენერატორები, ელექტროიარაღები და მეხანძრეებისთვის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი მივიღეთ. დღეს ქალაქმა ეს ყველაფერი კიევში, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი დირექტორატის ქვედანაყოფებს გადასცა. რეანიმობილები და სამაშველო ტექნიკა დღეს ქალაქს ძალიან სჭირდება. ისინი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ გარეუბნებშიც მუშაობენ. მათ შორის, ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში, ბოროდიანკაში". - წერს კლიჩკო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები