რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუჩაში ომის დანაშაულებში ბრალდებული რუსული ბრიგადა პუტინმა საპატიო წოდებით დააჯილდოვა

უკრაინის ქალაქ ბუჩაში ომის დანაშაულებში ბრალდებული რუსული ბრიგადა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საპატიო წოდებით დააჯილდოვა

ხელმოწერილ დოკუმენტში პუტინი 64-ე მოტომსროლელთა "დიდი გმირობისა და გამბედაობის" მქონე ბრიგადას ულოცავს. წერილში აღნიშნულია, რომ მათ "რუსეთის სუვერენიტეტი" დაიცვეს. 

"[წოდება] აღიარებს თქვენს განსაკუთრებულ დამსახურებას, დიდებულ გმირობასა და გამბედაობას თქვენი სამშობლოსა და რუსეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაში. 

უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს გაბედული და გონიერი მოქმედებებით პერსონალი გახდა მისაბაძი მაგალითი სამხედრო მოვალეობის შესრულებაში, ვაჟკაცობაში, თავდადებასა და პროფესიონალიზმში". - წერია წერილში.  

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები