რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუჩის მერი: რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში ყოველი მე-5 ადამიანი მოკლეს

უკრაინის ქალაქ ბუჩაში გვამების დათვალიერების დროს აღმოაჩინეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში ყოველი მე-5 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბუჩის მერმა, ანატოლი ფედორუკმა გაავრცელა.

"ჩვენი გამოთვლებით, რუსმა ოკუპანტებმა ბუჩაში ყოველი მე-5 ადამიანი მოკლეს. პირადად მე, ათასობით უკრაინელი მოქალაქის მსგავსად, სიძულვილს ვგრძნობ მათ მიმართ, ვინც ბუჩაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. რუსებმა ქალაქ ბუჩასა და სოფელ ვორზელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, მაგალითად, როგორებიცაა ჯგუფური გაუპატიურება და ბავშვების მკვლელობა. რაც არ უნდა რთული იყოს, ამ ყველაფერზე რუსულადაც უნდა ვილაპარაკოთ. რუს დედებს უნდა გავაგებინოთ, რაც მათმა შვილებმა ბუჩაში ჩაიდინეს". - ამბობს ბუჩის მერი.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები