5 ივლისის ძალადობა

TI-ს 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმეზე შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს დაზარალებული ჟურნალისტების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. კერძოდ, ორგანიზაცია სასამართლოს ტელეკომპანია მთავარის, ფორმულასა და TV პირველის, ასევე On.ge-ს  დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად მიმართავს, რომელთა წინაშეც, TI-ს განცხადებით, სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა.

"სარჩელი, კერძოდ, მიმართულია  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებისათვის სათანადო პირობები.

საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, სწორედ, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაიცვას მოქალაქეების,  მათ შორის მედიის წარმომადგენლები, ხოლო მისი შეუსრულებლობისათვის სათანადოდ აგოს პასუხი. ზუსტად ამიტომ, სახელმწიფოს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა აღნიშნული ფუნქციის  შეუსრულებლობის გამო, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით". – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ახლო მომავალში, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს სასამართლოს იმ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელიც ტელეკომპანიებს 5 ივლისის თავდასხმების დროს ტექნიკის განადგურების გამო მიადგათ.

"მოცემული საქმე თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ  სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების დარღვევისას,  ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვის შესაძლებლობა გვქონდეს და სასამართლო წესით დადგინდეს  სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ,  სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა ჯგუფებისა და მოქალაქეების მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობის არაერთი მაგალითი გვაქვს სახეზე". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები