რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანდრიუშენკო: რუსი სამხედროები მარიუპოლს კეტავენ და საშვების სისტემას შემოიღებენ

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს თქმით, ორშაბათიდან, 18 აპრილიდან რუსული ძალები ალყაში მოქცეულ ქალაქს დაკეტავენ, ხოლო ქალაქში დარჩენილი კაცები "გაიფილტრებიან", ანუ მოუწევთ რუსული ძალების შემოწმების გავლა.

პეტრო ანდრიუშენკო Telegram-ზე წერს, რომ ოკუპანტებმა ქალაქის შიგნით გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს.

"ასობით მოქალაქეს რიგში დგომა უწევს საშვის ასაღებად, რომლის გარეშეც, არამხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში გასვლაც აეკრძალებათ". - წერს ანდრიუშენკო.

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, რუსეთის დანებებასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიუხედავად, მარიუპოლში უკრაინის ჯარები კვლავ იბრძვიან.

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს კიდევ ერთხელ წაუყენეს ულტიმატუმი და მათ დანებებისთვის დრო მისცეს. კერძოდ, კვირას, მოსკოვის დროით დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე, იარაღის დაყრისა და ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდეს

უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია იმასთან შედარებით, რაც მსოფლიომ ბუჩასა და კიევის მახლობლად სხვა ქალაქებსა და სოფლებში იხილა. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები