უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა ბირთვულ ან ქიმიურ იარაღს მიმართოს, რადგან იგი არ აფასებს უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს.
"არამხოლოდ მე - მთელმა მსოფლიომ, ყველა ქვეყანამ უნდა ინერვიულოს, რადგან ეს ინფორმაცია იმდენადვე შეიძლება იყოს მცდარი, რამდენადაც სიმართლე
ქიმიური იარაღი - მათ ამის გაკეთება შეუძლიათ, მათთვის სიცოცხლე არაფერია. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა შეგვეშინდეს, თუმცა მზად უნდა ვიყოთ. ეს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება". - ამბობს ზელენსკი.
CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ რუსული ხომალდის ჩაძირვაზე ისაუბრა. რუსეთის მტკიცებით, ხომალდის ჩაძირვა საბრძოლო მასალის აფეთქებისგან გამოწვეული ხანძრის შედეგი იყო, ხოლო უკრაინისა და პენტაგონის მტკიცებით, ხომალდს უკრაინული ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოხვდა.
"ჩვენ ვიცით, რომ ის აღარ არსებობს. ჩვენთვის მისი ჩაძირვა არ არის ტრაგედია. მინდა, რომ თქვენ, დანარჩენმა ხალხმა ეს გაიგოთ. რაც უფრო ნაკლებად ქმედუნარიანები იქნებიან, მით უკეთესი ჩვენთვის. ეს მნიშვნელოვანია". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვის დადგენა ამჟამად შეუძლებელია, რადგან უკრაინის ძალები ვერ ახერხებენ ხერსონის, ბერდიანსკის, მარიუპოლის და უფრო აღმოსავლეთ ტერიტორიაზე კონტროლის გავრცელებას.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოებზე, სადაც რუსული ჯარის დანაშაულების შედეგებია ნაჩვენები, მათ შორის უკრაინელ ქალზე, რომელიც თავისი შვილის ცხედარს ჭაში პოულობს, ზელენსკიმ თქვა: "ეს ჩემთვის დიდი ტკივილია".
"როგორც მამას, მე არ შემიძლია ამის ყურება. რადგან ერთადერთი, რისი სურვილიც ამის მერე შეიძლება გაგიჩნდეთ, ესაა შურისძიება. ამის უფლება არ მაქვს.
მე უნდა შევაფასო, როგორც სახელმწიფოს პრეზიდენტმა, სადაც უკრაინელებმა საყვარელი ადამიანები დაკარგეს და სადაც კიდევ უფრო მეტ მათგანს, არ სურს სიკვდილი.
ყველა ჩვენგანს გვინდა ბრძოლა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ომი არ იყოს უსასრულო. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ის, მით მეტს დავკარგავთ". - ამბობს ზელენსკი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.