რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სერბეთში რუსეთის მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა

15 აპრილს სერბეთში რუსეთის მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა

15 აპრილს სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში პრორუსული მოსახლეობის ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა ჩატარდა. ათასობით სერბი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სურათებითა და დროშებით რუსეთის საელჩოსკენ გადაადგილდა. 

"ამ აქციაზე რუსეთის მხარდასაჭერად მოვედი, რათა ხმამაღლა და გარკვევით ვუთხრა უარი ბელგრადის ხელისუფლების პოლიტიკას, რომელმაც გაეროში რუსეთის წინააღმდეგ მისცა ხმა". - თქვა აქციის მონაწილემ.

ოფიციალურმა ბელგრადმა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მხარი სამჯერ დაუჭირა.

ამასთან ერთად, სერბეთი, რომელიც რუსულ გაზსა და ნავთობზე თითქმის სრულად დამოკიდებულია, კრემლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები