რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

МОСКВА-ს ჩაძირვის შემდეგ რუსეთმა იერიში ნეპტუნის ტიპის რაკეტის საწარმოზე მიიტანა

ნეპტუნის ტიპის რაკეტის გაშვება

მას შემდეგ, რაც რუსული სარაკეტო კრეისერი Москва ჩაიძირა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ჟულიანსკის მანქანათმშენებლობის ქარხანა ვიზარზე, სადაც ანტისახომალდო რაკეტა ნეპტუნის ნაწილები იწარმოება. 

უკრაინული მხარის ცნობით, იერიში 15 აპრილს, დაახლოებით 01:30-ზე მოხდა, მას შემდეგ, რაც რუსული ხომალდის ჩაძირვის ამბავი დადასტურდა.

The Washington Post-თან საუბარში პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რუსულ სარაკეტო კრეისერ Москва-ს 2 უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი მოხვდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილის დილას დაადასტურა, რომ კრეისერი Москва ჩაიძირა, თუმცა მათი ინფორმაციით, ეს გემის ბუქსირების დროს მოხდა.

უკრაინული მხარე იუწყებოდა, რომ ხომალდთან ევაკუაციისთვის მისული იყო რამდენიმე დამხმარე გემი. ამას გარდა, როდესაც Москва-ზე ხანძარი გაჩნდა, ზღვაზე შტორმი იყო. 

მოსკოვის ცნობით, მათ ეკიპაჟის გადარჩენა შეძლეს, თუმცა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს ზოგიერთი უკრაინული წყარო და ამბობენ, რომ ხომალდის ბორტის დიდი ნაწილი მოკვდა და მათი გადარჩენა შტორმის გამო გართულდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები