საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს, 15 აპრილს გაემგზავრება

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს, 15 აპრილს გაემგზავრება. მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. ქართული ოცნებიდან დელეგაციის წევრები არიან ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. საპარლამენტო ოპოზიციიდან კი, დელეგაციაში ხუთი დეპუტატი შედის - ვიცე-სპიკერი, პარტია მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი, გახარია-საქართველოსთვის დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ფრაქცია რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი და ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი. დელეგაციაში არ იქნებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ევროპელი სოციალისტების დეპუტატები.

ოფიციალური ვიზიტი ერთდღიანი იქნება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დელეგაცია ბუჩაში ჩავა, ასევე, კიევში შეხვდება უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს.

"ჩვენი მიზანია, რომ უკრაინაში ჩვენს მეგობრებს მივუსამძიმროთ იმ მძიმე ადამიანურ დანაკარგებზე, რომელიც სამწუხაროდ, ომს თან ახლავს" - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

უკრაინის რადის თავმჯდომარემ თავდაპირველად ქვეყანაში კოლეგა, შალვა პაპუაშვილი მიიწვია, თუმცა პაპუაშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ კონტრაბანდაზე უკრაინის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ განმარტებების გარეშე მიწვევა "არასათანადო" იყო.  

პაპუაშვილმა და სტეფანჩუკმა 13 აპრილს ისაუბრეს, შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დაწერა, რომ კოლეგასთან საუბრისა და სამთავრობო მედია იმედზე მისი ინტერვიუს მოსმენის შემდეგ დარწმუნდა, რომ "ყველა უხერხულობისა და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა არსებობს" და, მისივე სიტყვებით, ამისთვის მნიშვნელოვან როლს უკრაინაში ვიზიტი შეასრულებს. 

კომენტარები