ისრაელი-სირია

სირიის მტკიცებით, ისრაელმა დამასკოსთან ამ კვირაში მეორე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის ავიაგამანადგურებლები საბერძნეთში ჩატარებულ საავიაციო საერთაშორისო წვრთნებზე, 2022 წლის 3 აპრილი.

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოს შემოგარენში ამ კვირაში მეორე იერიში მიიტანეს.

14 აპრილის ღამეს სირიულმა სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის ავიაციამ დამასკოსთან სამიზნეზე იერიში მიიტანა, თუმცა არ დაუზუსტებიათ ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.

ებრაული მედიის ინფორმაციით, SANA-ს მიერ თავდასხმის ცნობის გავრცელებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთით, სირიის საზღვრებთან მცხოვრებმა ისრაელის მოქალაქეებმა კამერებით დააფიქსირეს ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები.

როგორც წესი, ისრაელის თავდაცვის ძალებში სირიაში იერიშთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღიარეს, რომ იმ დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც სირიაში ფეხს იკიდებენ და ირანის მიერ არიან მხარდაჭერილი, რამდენიმე აფრენა შეასრულეს. 

ადგილობრივი ინფორმაციით, იერიში დამასკოსთან ახლოს, მასიაფის დასახლებაში მიიტანეს. მასიაფი არის ქალაქი, რომელსაც ირანისა და ირანის მხარდაჭერილი ძალები იყენებენ და ისრაელის თავდასხმების სამიზნე რამდენჯერმე აქამდეც გამხდარა. ამ ტერიტორიაზეა სამეცნიერო კვლევითი ცენტრიც – CERS, რომელიც ასევე რამდენჯერმე გამხდარა სამიზნე. როგორც დასავლეთში მიიჩნევენ, CERS-ის ლაბორატორია დაკავშირებულია ქიმიური იარაღის წარმოებასთან. 

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოსკოვი და იერუსალიმი ერთმანეთის წინააღმდეგობაში აღმოჩნდნენ, თუმცა პრემიერმინისტრი ნაფთალი ბენეტი კრემლის ღია კრიტიკას ერიდება, რასაც სირიაში საჰაერო იერიშების თავისუფლების შენარჩუნების სურვილით ხსნიან. 

კომენტარები