რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა, კრამატორსკი და კოსტიანტინივკა იყოს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესაძლოა, რუსული საოკუპაციო ძალების შემდეგ სამიზნე უკრაინაში კრამატორსკი და კოსტიანტინივკა იყოს.

"12 აპრილს პრეზიდენტ პუტინის გამოსვლამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ინტერესებსა და მიზნებს დონბასში, სადაც რუსები უკრაინის სამხედრო ძალებს უტევენ და თავდასხმის განსაახლებლად ემზადებიან. რუსეთმა ქალაქების ცენტრებზე არაერთხელ განახორციელა სასტიკი შეტევები. შესაძლოა, მათი შემდეგი სამიზნე კრამატორსკი და კოსტიანტინივკა გახდეს. რუსეთი კვლავაც ცდილობს საარტილერიო იერიშებსა და საკუთარი სამხედრო ძალების განახლებასა და მობილიზებას". - წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ტვიტერის გვერდზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები