რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნულანდი: აშშ, სავარაუდოდ, შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ვიქტორია ნულანდის თქმით, სავარაუდოდ აშშ საბოლოოდ შეძლებს დაადასტუროს, რომ რუსეთმა უკრაინელი ხალხის გენოციდი მოაწყო. 

CNN-თან ინტერვიუში, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა თქვა, რომ აშშ მტკიცებულებების შეგროვების პროცესშია.

"მე ვფიქრობ, რომ მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, ჩვენ მივალთ სწორედ იმ განსაზღვრებამდე, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს უწოდა - ჩვენ მივალთ გენოციდამდე, რადგან ის, რაც ხდება, შემთხვევითი არ არის. ეს რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკაა, გაანადგუროს უკრაინა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა." - თქვა ვიქტორია ნულანდმა.

ხოლო კითხვაზე, თუ რატომ არ იქონია შემაკავებელი გავლენა სანქციებმა პუტინის გადაწყვეტილებებზე, ვიქტორია ნულანდი პასუხობს:

"პუტინს არ აინტერესებს თავისი ხალხი, ან მისი ქვეყანა. მისი ინტერესის სფერო მხოლოდ საკუთარი იმპერიული ამბიციებია.

ის ვერ ხედავს, რომ რასაც აკეთებს, ერთი მხრივ უკრაინის ნანგრევებად, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის ციხედ ქცევაა" - ამბობს ვიქტორია ნულანდი CNN-თან ინტერვიუში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

 

კომენტარები