რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ესტონეთის პარლამენტს: რუსეთი უკრაინაში ფოსფორის ბომბებს იყენებს

president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პარლამენტს მიმართა, რომ რუსეთი უკრაინაში ფოსფორის ბომბებს იყენებს. ზელენსკი მოსკოვს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ქიმიური იარაღის მსოფლიო კონტროლის ორგანიზაციამ ანგარიშში აღნიშნა, რომ ომს უკრაინაში ყურადღებით აკვირდება.

რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს, ხოლო რუსეთის საელჩო აშშ-ში ამტკიცებს, რომ რუსეთის ქიმიური იარაღის მარაგი 2017 წელს განადგურდა.

11 აპრილს დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა, შესაძლოა, მარიუპოლში ფოსფორის შემცველი ქიმიური იარაღი გამოიყენონ. 

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ფოსფორის იარაღი უკვე გამოიყენეს, კერძოდ, დონეცკის ოლქში. 

დაზვერვის ცნობით, საჰაერო იერიში გაგრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე თავდასხმის მოგერიება შეძლეს, რის შედეგადაც რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო ტექნიკა განადგურდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები