რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

Reuters (video grab)

რუსეთმა უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილისა და სხვა პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 359-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (დაქირავებული მებრძოლების გადაბირება და მათი შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვა) და 282-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამხედრო მოსამსახურეების სოციალური ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივება) დაიწყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მამუკა მამულაშვილმა უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირება შექმნა, მისი ლიდერი იყო და ფორმირებების საქმიანობაში, სულ მცირე, 24 საქართველოს მოქალაქე ჩართო. კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ ისინი რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მოქმედებდნენ უკრაინის ტერიტორიასა და ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გამოვლინდნენ უკრაინის ტერიტორიაზე ქართული ლეგიონის საქმიანობაში მონაწილე სხვა პირები და დაქირავებულთა სხვა ქვედანაყოფები. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მათ მოქმედებას სისხლისსამართლებრივი შეფასება მიეცემა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები