რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ევროპული ქვეყნები რუსეთის ომის დანაშაულების გამოსაძიებლად $2.7 მლნ-ის გამოყოფის პირობას დებენ

დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა ბუჩაში

ევროპული ქვეყნები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოსთვის (ICC) $2.7-ის გამოყოფის პირობას დებენ. 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მთავარ პროკურორს, ქერიმ ხანს ვიდეოკონფერენციით ესაუბრნენ.

შეხვედრის შემდეგ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰოკსტრამ თქვა, რომ კრიმინალური სასამართლოს გაგზავნა უკრაინელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა სამართლიანობისკენ. მან აღნიშნა, რომ ნიდერლანდებს სურს რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულებმა სამართლიანობას მიაღწიონ. 

ჰოკსტრამ ნიდერლანდების სახელით საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გამოძიებისთვის  $1 მილიონის გამოყოფის პირობა დადო.

გერმანიამ ასევე განაცხადა, რომ დამატებით $1 მილიონს გამოყოფს საერთაშორისო სასამართლოსთვის.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდმა თქვა, რომ შვედეთი ასევე გამოყოფს ნახევარ მილიონ ევროს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

კომენტარები