საქართველო-ევროკავშირი

ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინასა და მათ ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირისგან წევრობის კითხვარის მიღებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად გაწევრიანების პროცედურების დაჩქარებას უკრაინასა და მათ ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ.

"დღეს ჩვენ მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც, ალბათ, არ ველოდით რამდენიმე წელი. ესეც კარგად თუ გამოგვივიდოდა. ეს არის არაჩვეულებრივი, ახალი შანსი, რომელიც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ცხადია, ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას – ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს. მაგრამ, ალბათ, კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინასა და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად. როდის მოვიდოდა ეს დღე, ამას ვერავინ ვერ იტყოდა". – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კითხვარი გადასცა. საქართველოსთან ერთად ვარჰეიმ წევრობის განაცხადზე კითხვარი მოლდოვასაც გადასცა. უკრაინის პრეზიდენტს კი იგივე დოკუმენტი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენისგან 8 აპრილს უკრაინაში ვიზიტის დროს გადაეცა.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

კომენტარები