რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის მტკიცებით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული 4 ცალი С-300 გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ომამდე მფლობელობაში მყოფი С-300

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის მტკიცებით, მათმა ძალებმა გაანადგურეს სარაკეტო-საზენიტო სისტემა С-300-ის 4 გამშვები დანადგარი, რომელიც უკრაინამ დასავლური ქვეყნებისგან მიიღო. 

კონაშენკოვის თქმით, ანგარში მდგომი დანადგარების გასანადგურებლად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს მაღალი სიზუსტის კალიბრის ტიპის რაკეტები, რასაც 25-მდე უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, თავდასხმა ქალაქი დნეპროპეტროვსკის მახლობლად განხორციელდა.

ამას გარდა, რუსული მხარე ამბობს, რომ ნიკოლაევის ოლქის დასახლებულ პუნქტთან, სტარობოგდანოვკასთან და ხარკოვის ოლქში, ჩუგუევში გაანადგურეს С-300-ის გამშვები დანადგარები. რუსული მედია წერდა, რომ მათ შორის იყო უკრაინისთვის სლოვაკეთის მიერ გადაცემული С-300-იც, რაც უარყო სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა.

აქამდე, 8 აპრილს სლოვაკეთმა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად С-300-ის სისტემა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა გაავრცელა. 

С-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ მუშაობაში მოსაყვანად გადამზადება არ დასჭირდებათ, რისი დრო და გარემოც ფიზიკურად არ არსებობს. 

რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობდა, რომ რუსეთი უკრაინისთვის მსგავსი სისტემების მიწოდებას არ დაუშვებდა.

ლავროვის ამბობდა, რომ დასავლეთს არ აქვს სამართლებრივი უფლება, რუსეთის თანხმობის გარეშე, უკრაინას საბჭოთა წარმოების დანადგარები გადასცეს, რადგან მათ იარაღის სერტიფიკატები ზღუდავთ. ასევე, მისი თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ნებისმიერი ტვირთი, ლეგიტიმური სამიზნე იქნება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები