რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კულება: გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინის NATO-ში არ შეშვებით სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, საფრანგეთმა და გერმანიამ 2008 წელს უკრაინის NATO-ში არ შეშვებით სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. 

"ჩვენ რომ ახლა NATO-ს წევრები ვიყოთ, ეს ომი არ მოხდებოდა... 2008 წელს გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, უარყო რა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გამხდარიყო. და ახლა ამ შეცდომისთვის ფასს არათუ გერმანია ან საფრანგეთი, არამედ უკრაინა იხდის". - თქვა კულებამ. 

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით - "ნახონ, რა მოიტანა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ. საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელები". გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ზელენსკის უპასუხა და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები