რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანასა და ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს

Володимир Зеленський / Facebook

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს. ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ კიევში ბორის ჯონსონისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელა.

"პუტინის ამაზრზენი მიზნები პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცე ლიდერობის, უკრაინელი ხალხის უძლეველი გმირობისა და გამბედაობის გამო იშლება". – თქვა ბორის ჯონსონმა შეხვედრის შემდეგ.

ამასთან, განცხადების თანახმად, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მსოფლიო ბანკისგან დამატებით $500 მილიონის დაკრედიტების გარანტიას მისცემს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები