რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: მარიუპოლში მძიმე დანაკარგების გამო რუსულმა სპეცრაზმმა ბრძოლაზე უარი თქვა

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

"რუსული მობილიზაციის წარმატებები" - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, მარიუპოლში რუსულმა სპეცრაზმმა მძიმე დანაკარგების გამო ბრძოლაზე უარი თქვა. 

"რუსული სპეცრაზმის ნაწილმა, რომელსაც სირიაში საომარ მოქმედებებში აქვს გამოცდილება, სრულად თქვა უარი მარიუპოლის შტურმის შემდგომ მცდელობებში მონაწილეობაზე. 2-დან 4 აპრილამდე შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში ამ ქვედანაყოფმა 30-მდე სამხედრო დაკარგა. ამიტომ, სპეცრაზმმა გადაწყვიტა, სამომავლოდ ბედი აღარ ეცადა". - ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინის ინფორმაციითვე, რუსეთის სამხედრო სამსახურში შერჩევის უახლესი მონაცემები მიუთითებს, რომ რუსებს საკონტრაქტო სამსახურის მიმართ დაბალი ინტერესი აქვთ - მათივე ცნობით, ქალაქ ეკატერინბურგში ხელშეკრულების გაფორმებას რეზერვში მყოფი მოქალაქეების 1%-ზე ნაკლები დათანხმდა.

"7 მარტს ნოვოაიდარის პოლიკლინიკიდან ლუგანსკის მიმართულებით გაიგზავნა PAZ-ის ორი ავტობუსი დაჭრილი რუსი სამხედროებით. აღსანიშნავია, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ფეხის დაზიანება აქვს. ექიმების თქმით, ამ დაზიანებების ყველაზე სავარაუდო მიზეზი თვითდასახიჩრებაა, რათა საბრძოლო ზონაში არ დაბრუნდნენ". - წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავრი სადაზვერვო სამსახური. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები