რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეო უწყება ორბანს: ისტორიის სწორ მხარეს ყოფნა გვიანი არასდროს არაა

Vivien Cher Benko / MTI

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის პოზიცია რუსული გაზის რუბლებში გადახდასთან დაკავშირებით "არამეგობრულ ქმედებად" შეაფასა.

"თუ უნგრეთს ომის დასრულებაში დახმარება ნამდვილად სურს, მაშინ შეწყვიტეთ ევროკავშირის ერთიანობის ნგრევა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაუჭირეთ მხარი, გაუწიეთ უკრაინას სამხედრო დახმარება, რუსეთის საბრძოლო ტექნიკის დაფინანსებისთვის დამატებით წყაროებს ნუ შექმნით. ისტორიის სწორ მხარეს ყოფნა გვიანი არასდროს არაა". - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

ამასთან ერთად, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიჯარტომ დაადასტურა, რომ ატომური ელექტროსადგურებისთვის საწვავი რუსეთიდან საჰაერო გზით მიიღეს. მისი თქმით, ომმა რკინიგზით ტრანსპორტირება შეუძლებელი გახადა. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბრიუსელი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ სანქციებს მხარს არ უჭერს. მისი განმარტებით, ბირთვულ ენერგიაზე დაწესებული სანქციები უნგრეთისთვის "წითელი ხაზი" იქნება.

6 აპრილს, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადაუხადოს.

"ჩვენთვის, უნგრეთისთვის პრობლემა არ იქნება, რომ რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადავუხადოთ. თუ რუსებს სურთ, რომ ეს თანხა რუბლში გადავიხადოთ, გადავიხდით რუბლში". - თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

3 აპრილის არჩევნების შედეგად, უნგრეთის ნაციონალისტი ლიდერი, ვიქტორ ორბანი ქვეყნის პრემიერმინისტრად მეოთხე ვადით აირჩიეს. მისი წინასაარჩევნო კამპანია ტრადიციულ ქრისტიანული ღირებულებებს ეფუძნებოდა. ეს ვიქტორ ორბანის პარტიის, Fidesz-ის მეოთხე გამარჯვებაა 2010 წლის შემდგომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ, ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები