რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იელენი: რუსული ნავთობის სრულად აკრძალვა ფასების გაზრდას გამოიწვევს

businessinsider.com

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, რუსული ნავთობის ექსპორტის სრულად აკრძალვა ევროპაში ენერგიის ფასების ზრდას გამოიწვევს.

"რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა პრობლემებს ბევრი ქვეყნისთვის შექმნის, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ამ ნავთობზე დამოკიდებულნი არიან.

[...] რუსული ნავთობის სრულად აკრძალვა, დიდი ალბათობით, ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს".  - თქვა იელენმა.

აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მდივანი იმედოვნებს, რომ ნავთობკომპანიები წარმოებას გაზრდიან, რათა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება გაგრძელდეს. 

"ჩვენ ერთ სავაჭრო პარტნიორზე დამოკიდებულების მსხვერპლნი ვართ". - თქვა იელენმა.

რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრამ და დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე ნავთობის მიწოდება შეაფერხა. მარტის თვეში ნავთობის ფასმა ბარელზე $140-მდე მიაღწია, რაც ბოლო 14 წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები