რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ყველაფერი გააკეთეთ, რომ ევროპას არ ეშინოდეს" – ზელენსკიმ ესპანეთის პარლამენტს მიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პარლამენტს მიმართა და მათ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. 

"დემოკრატია უნდა ამაღლდეს რუსეთის მუქარებზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მათი არ გეშინიათ. მაგრამ, გთხოვთ, ესპანელებო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ევროპას არ ეშინოდეს". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე ახსენა 1937 წელს ნაცისტური სამხედრო თვითმფრინავების მიერ დაბომბილი ქალაქი გერნიკას ტრაგედია და იგი შეადარა დღევანდელ ვითარებას უკრაინაში.

გაეროში გამოსვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი მადრიდში, ესპანელი დეპუტატების წინაშე ჩაერთო ვიდეო ბმულით, რათა განეხილა უკრაინაში არსებული სიტუაცია, სადაც ასობით ათასი უკრაინელი შიშში, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე ცხოვრობს. 

"თქვენ ჩვენი დახმარება შეგიძლიათ. დაეხმარეთ მშვიდობას. მოგვეცით ჩვენთვის საჭირო იარაღი. ჩვენ მადლობელი ვართ იმის, რაც უკვე მივიღეთ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთის შიშს, ყველგან, სადაც ის ჩანს, რადგან დემოკრატიას არ უნდა ეშინოდეს". - მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პარლამენტს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები